logo
ENG



ფლანგვის დეტექტორი: ნინოწმინდის პანსიონს 2012-2021 წლებში ბიუჯეტიდან 9.8 მილიონი გადაუხადეს

04 ივნ 202118:31
3 წუთის საკითხავი
 
2021/06/04/g4ij061td8ixoqc.jpg
ფოტო: ფლანგვის დეტექტორი

ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, ნინოწმინდას პპანსიონი 2012 წელს დაარსდა და მას შემდეგ ბიუჯეტიდან 9.8 მილიონი ლარი გადაუხადეს. დაარსებიდან დღემდე პანსიონის ხელმძღვანელი გოჩა აბულაძე/ეპისკოპოსი სპირიდონია.

ფლანგვის დეტექტორის მიერ გავრცელებული ინფორმაციით თანახმად, პანსიონი საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია და ის სახელმწიფოს მიერ საპატრიარქოსთვის გამოყოფილი თანხებიდან ფინანსდება.

"სახელმწიფო ყოველწლიურად ცენტრალური ბიუჯეტიდან 25 მილიონ ლარს გადასცემს საპატრიარქოს. სწორედ ამ 25 მილიონი ლარიდან ფინანსდება აღნიშნული ბავშვთა პანსიონიც. დაარსებიდან, 2012 წლიდა დღემდე პანსიონის დასაფინანსებლად 9,745,800 ლარი დაიხარჯა.

აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტიდან საპატრიარქოსთვის გადაცემული თანხების სამართლებრივი კონტროლის მექანიზმები არ არსებობს, რადგან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ კანონის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აუდიტის სამსახურის მანდატი არ ვრცელდება საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობაზე.

გარდა ფინანსური კონტროლის არარსებობისა, სახელმწიფო არც იმ სამართლებრივი კონტროლის მექნიზმებს იყენებს, რომელიც მას სასწავლო აღმზრდელობით დაწესებულებებში შესაბამისი კონტროლის განხორციელებას ავალდებულებს. ამის პარალელურად ყოფილი სახალხო დამცველი აღნიშნავს რომ ჯერ კიდევ 6 წლის წინ მათ ანგარიშებში საუბარი იყო ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე პანსიონი აღსაზრდელების მიმართ.

აღსანიშნავია მეუფე სპირიდონის სიძულვილის ენით გამსჭუალული ქადაგებები, სადაც ის სიძულვილით და დამამცირებლად მოიხსენიებს სექსუალურ უმცირესობებს, ლანძღავს დასავლურ სახელმწიფოებსა და ორგანიზაციებს და მრევლს მოუწოდებს რომ უკრაინის, ბელორუსისა და რუსეთის გაერთიანებისთვის ილოცონ", - წერია ინფორმაციაში. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნინოწმინდის პანსიონში სავარაუდო ძალადობის ფაქტზე კიდევ ერთი გამოძიება გუშინ, 3 ივნისს დაიწყო. ამავდროულად, სახალხო დამცველის ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე წელია გამოძიება კიდევ 4 საქმეზე, მათ შორის, სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზე, მიმდინარეობს. 

ასევე გუშინ, 3 ივნისს ფორმულამ გავრცელა ინტერვიუ პანსიონის ყოფილ აღსაზრდელთან, რომელიც იქ გატარებულ წლებს იხსენებს და ბავშვებზე ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობს. იგი ამბობს, რომ აღმზრდელები მათთან "ჯოჯოხეთს ატრიალებდნენ". 

"იყო ძალიან მძიმე ფაქტები ჩემთან და სხვებთან მიმართებით, იყო ბულინგი, ცემა რეიკებით, სახაზავებით, რაც ხელში მოყვებოდათ. [გვცემდნენ] აღმზრდელები, რომლებსაც ვითომ კაბა ეცვათ და ღმერთი სწამდათ სინამდვილეში კი იქ ჯოჯოხეთი ჰქონდათ დატრიალებული.

ლოგინის რეიკებით, ხის სახაზავებით, თუ არ დავიძინებდით შუადღეზე რეიტუზებით აგვიკრავდნენ თვალებს და გვაძინებდნენ, თუ არ დავიძინებდით და მასწავლებლებს არ დავემორჩილებოდით, მათ თავს არ დავუხრიდით, გვათენებინებდნენ პურის მარცვლებზე და ბრინჯზე 24 საათით მუხლებით, კუთხეში", -  ყვება ის. 

სახალხო დამცველის განცხადებით, ნინოწმინდის პანსიონში, რომელსაც სხალთელი ეპისკოპოსი, სპირიდონი მართავს, ბენეფიციარების მიმართ სავარაუდო ძალადობასთან დაკავშირებით ბოლო წლების განმავლობაში არაერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

ომბუდსმენის თქმით, სახალხო დამცველის აპარატმა პანსიონში მომხდარი სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა საქართველოს გენერალური პროკურატურიდან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან.

მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ‪2016-2021 წლებში დაწყებულია ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება არასრულწლოვნების მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე, მათ შორის გაუპატიურების მუხლითაც. 3 ივნისს ცნობილი გახდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე კიდევ ერთი გამოძიება დაიწყო. 

გამოძიება მიმდინარეობს სავარაუდო ძალადობის ოთხ (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი) და სავარაუდო გაუპატიურების ერთ ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი).

ომბუდსმენმა 2021 წლის 15 აპრილს გამოაქვეყნა განცხადება, რომ 2020 წლის ივნისიდან მათ წარმომადგენლებს ნინოწმინდის პანსიონში არ უშვებენ. გადაწყვეტილება ეპისკოპოსმა სპირიდონმა მიიღო.

პანსიონში არ უშვებდნენ სახელმწიფოს წარმომადგენელ სოციალურ მუშაკსაც. ერთადერთი სოცმუშაკი დაწესებულებაში, რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, 14 მაისს შევიდა.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ოფიციალური ინფორმაციით, 53 ბავშვი ირიცხება, თუმცა როგორც მეუფე სპირიდონისგან ირკვევა, 150-მდე ბენეფიციარი ჰყავთ.


close დახურვა